დავით ზალკალიანი - უკრაინელ კოლეგასთან კომუნიკაცია მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, დავუბრუნდეთ მდგომარეობას, რომელშიც ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევამდე ვიყავით
მესმის ის ემოციური ფონი, რა მდგომარეობაშიც იმყოფება უკრაინის ხელისუფლება, შესაძლოა, ემოციურად ყოფილიყო მიღებული ელჩთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, არასწორ ინფორმაციასა და რჩევებზე დაყრდნობით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც აწვდიან პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, არავითარი საფუძველი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, ბუნებაში არ არსებობდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა უკრაინელ კოლეგას.
„ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, რადგან არ ექვემდებარებოდა არანაირ ლოგიკას, არც პოლიტიკურ კონტექსტში და არც ჰუმანიტარულ განზომილებაში. არანაირად არ იყო გამართლებული იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. ისეთი მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ აღმოუჩინა, ქვეყანამ, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება, იგივე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები და ქოლგა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საქართველომ ძალიან თანმიმდევრული, მკაფიო და მკვეთრი ნაბიჯები გადადგა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის კუთხით.
„ჩვენ ადგილზე გვყავს ოკუპანტი ძალა, რომელიც რამდენიმე ათეულ კილომეტრშია თბილისიდან და ეს სიტუაცია განგვასხვავებს ჩვენ ჩვენი სხვა პარტნიორებისგან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან თანმიმდევრული, მკაფიო და მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის კუთხით. თუნდაც, რად ღირს მაგალითად, ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ რუსეთის ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერების პროცედურას, ამას მიუმატეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც იყო ვეტოდადებული. ვიცოდით რა, რომ ის რუსეთისთვის ძალიან მტკივნეული იყო, მაინც დავასპონსორეთ, რუსეთმა კი ვეტო დაადო და მერე გენასამბლეის ფარგლებში მაინც დავუჭირეთ მხარი. ასევე შეგიძლიათ, ნახოთ ევროკავშირის ძალიან მკაფიო განცხადებების ტექსტი, როგორი მძაფრი შეფასებები და მიდგომაა საერთაშორისო თანამეგობრობის, რომლის გვერდითაც საქართველო იყო მთელი ამ დღეების განმავლობაში, იგივე ჰუმანიტარული კუთხით აღმოჩენილი დახმარებები და ჩვენი საუბრები ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, დმიტრო კულებასთან კომუნიკაციის შემდეგ შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას გადახედონ და საქართველო დაუბრუნდეს ისევ იმ მდგომარეობას, რომელიც უკრაინის ელჩის გაწვევამდე იყო.
„არავითარი საფუძველი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, ბუნებაში არ არსებობდა და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის კიდევ უფრო გასაოცარი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. მე ამის შესახებ მქონდა საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. ის არგუმენტები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ, ვუთხარი და კიდევ დამატებით ვუთხარი ისიც, რით განსხვავდება საქართველო იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც თუნდაც მსგავსი პოზიცია აქვთ სანქციებთან მიმართებაში. არიან ასეთი ქვეყნები, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყანა, სხვა ქვეყნები, რომლებთანაც უკრაინას ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს, ამიტომ ყველაფერი ეს იყო გასაოცარი, გასაკვირი და ამის შესახებ უკრაინელ კოლეგას ძალიან გულწრფელად ვუთხარი. მან დამარწმუნა, რომ ის კიდევ უფრო დეტალურად განიხილავს ამ საკითხს, მისგან რეაქცია და ჩვენი კომუნიკაცია მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, გადაწყვეტილებას გადახედონ, ჩვენ დავუბრუნდეთ ისევ იგივე მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევამდე ვიყავით.
მე მესმის ახლა ის ემოციური ფონი, რა მდგომარეობაშიც იმყოფება დღეს უკრაინის ხელისუფლება. ომში ჩაბმული ქვეყანაა და როდესაც ადამიანები მუდმივად, ბოლო 6-7 დღის განმავლობაში დაბომბვის ქვეშ არიან, შესაძლოა, ემოციურად ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციაზე და რჩევებზე დაყრდნობით, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ისინი აწვდიან პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. დარწმუნებული ვარ, უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ომის მდგომარეობაშია და ყოველდღე უხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება აგრესიის მოსაგერიებლად, შესაძლოა, არ იყოს ზუსტად ინფორმირებული იმ ადამიანებისგან, რომლებიც მის გარშემო არიან, საქართველოსგან უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებასთან დაკავშირებით. მე მუდმივ კომუნიკაციაში ვარ ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და ბოლო ოთხი დღის განმავლობაში არაერთი კომუნიკაცია მქონდა მასთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.