დავით ზალკალიანი - ტურიზმის გახსნის მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა იყოს ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში
ტურიზმის გახსნის მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა იყოს ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის ამოქმედების საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანამ უკვე განსაზღვრა საქართველო თავისი ტურისტული მიმართულების პრიორიტეტად და ყველა ამ საკითხზე იყო მსჯელობა.
„ბუნებრივია, დღეს გვქონდა საუბარი იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ქვეყნებზე, საიდანაც პირველ ეტაპზე იქნება მნიშვნელოვანი საქართველოში ტურისტების ჩამოსვლა. ჩვენ უკვე გვაქვს შესაბამისი ინსტრუქცია მიცემული ჩვენი საელოჩოებისთვის, ელჩები არიან პირდაპირ კომუნიკაციაში ამ ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. ძალიან პოზიტიური გამოხმაურებებია. რამდენიმე ქვეყანამ უკვე განსაზღვრა საქართველო თავისი ტურისტული მიმართულების პრიორიტეტად და ყველა ამ საკითხზე იყო მსჯელობა. მიმართულებებია ისრაელი, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რა თქმა უნდა, სამეზობლო და ამ მიმართულებით, თანდათანობით ქვეყნების არეალი და გეოგრაფია გაფართოვდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.