დავით ზალკალიანი - თუ ხაზების გადატვირთვის გამო, რომელიმე საელჩოს ან საკონსულოს ხაზი ვერ იძლევა პასუხს, მოქალაქეებს შეუძლიათ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დარეკონ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ავიაკომპანიასთან ერთად მუშაობს, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს.
„ჩვენ ვმუშაობთ კომპანიასთან, რათა არ გავჩერდეთ უკვე არსებულ გრაფიკზე და უკვე ვმუშაობთ შემდეგი კვირებისა და დღეების გრაფიკზე. მოგეხსენებათ, სიტუაცია არ არის მარტივი, თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად არის სამუშაო, რომ კორონავირუსის გავრცელების და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ დაწესებული, მოხდეს შესაბამისი ჩარტერული რეისის დაორგანიზება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდგომ განრიგს უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ყველა ვებგვერდი და ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„თუკი გადატვირთული ხაზების გამო, რომელიმე საელჩოს ან საკონსულოს ხაზი ვერ იძლევა შესაბამის განმარტებას და პასუხს, შეიძლება, ასევე გადამისამართება და დარეკვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქოლცენტრში, რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე არის ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე და ისიც მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არის გადასული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.