დავით ზალკალიანი - შიჰანის პროექტს დიდი დატვირთვა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ღრმა ქრისტიანული ფესვებისა და ისტორიისთვის, არამედ ახალი განზომილებაა ქართულ-იორდანულ ურთიერთობებში
შიჰანის პროექტს დიდი დატვირთვა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ღრმა ქრისტიანული ფესვებისა და ისტორიისთვის, არამედ სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი განზომილებაა ქართულ-იორდანულ ორმხრივ ურთიერთობებში, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იორადნიაში, შიჰანის მთაზე ქართული ისტორიული კვალის მოძიების მიზნით ერთობლივი არქეოლოგიური პროექტის შესახებ.
იორდანიაში, ქალაქ კარაკში მდებარე შიჰანის მთაზე საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორმხრივი სამეცნიერო ექსპედიცია სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება. ისტორიული ადგილი შესაძლოა მე-11 საუკუნის ქართული მონასტრის ნაშთებს ინახავდეს. ამ ვარაუდს ცნობილი მეცნიერების არაერთი კვლევა და ისტორიული წყარო ამყარებს. საძიებო ექსპედიციის დაწყებაზე შეთანხმება ორი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უწყებას შორის უკვე არსებობს, რასაც წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.
„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო. იორდანიაში ქართული ისტორიული კვალის მოძიებაზე მუშაობა 2019 წლის დასაწყისში დაიწყო. კერძოდ, სამინისტროს და საელჩოს ჩართულობით დაიწყო თანამშრომლობა ორი ქვეყნის სიძველეებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე უწყებებს შორის. შედგა ვიზიტები, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, შედეგად დაიწყო ე.წ. შიჰანის პროექტის განხორციელება.
ამ პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ მასში ჩართული არიან მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგები, იორდანიაში აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევების ამერიკული ცენტრი, რაც ამ პროექტს საერთშორისო მნიშვნელობას ანიჭებს. იმედია, პროექტის ფარგლებში მის მონაწილეებს მალე მიეცემათ არქეოლოგიური სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა. პროექტის წარმატებით განხორციელება საშუალებას მოგვცემს, ახალი ფურცელი გადაიშალოს ორი ქვეყნის დიპლომატიურ და პოლიტიკურ ურთიერთობებში, ვინაიდან ამ პროექტს აქვს არა მხოლოდ კულტურული და სამეცნიერო მნიშვნელობა, არამედ არის ორი სახელმწიფოს კიდევ უფრო დაახლოების წინაპირობა.
მნიშვნელოვანი ფაქტორია იორდანიის სამეფო ოჯახის ყურადღება პროექტისადმი. ცნობილია, რომ ჰაშიმიტების სამეფო დინასტია არის წმინდა მიწის ქრისტიანული და ისლამური სიწმინდეების მეურვე და შესაბამისად, წმინდა მიწაზე ქართული ისტორიული მემკვიდრეობაც მათი მფარველობის და ყურადღების ქვეშ მოექცა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ შიჰანის გათხრებზე ქართველი სპეციალისტების მონაწილეობისთვის თანხები გამოყოფილია და ახლა შესაბამის დროს ელოდებიან. შიჰანის მთაზე არქეოლოგიური გათხრების შესახებ სიუჟეტი საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ გადაიცა.