დავით ზალკალიანი - საქართველოს ურყევი მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა გამოწვევას, რომელიც ამ გზაზე გველის
ნიდერლანდები მოწინავე პოზიციებს იკავებს საქართველოს წამყვან ინვესტორთა შორის და ნიდერლანდური კომპანიები წლებია, წარმატებით ოპერირებენ ქართულ ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც დღეს თბილისში, ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სტეფ ბლოკს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე ისაუბრეს.
„ხაზი გავუსვით პოლიტიკური დიალოგისა და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, თანამშრომლობას უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და ხალხთა შორის კონტაქტების მიმართულებით. ვიმსჯელეთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არსებული პოტენციალის ათვისებაზე, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეც იმსჯელეს.
„დღეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. საქართველოს აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ჩარჩო-შეთანხმება, როგორიც არის ასოცირება, რომელსაც ვახორციელებთ შეუფერხებლად და რეფორმების კონკრეტული შედეგებიც სახეზეა. ნიდერლანდებს, როგორც მნიშვნელოვან დონორს, დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერების, მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში. ასევე ემსახურება ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მიზნებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე წლის ივნისში ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება.
„ამისთვის ყველა აქტიურად ვემზადებით და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ჩვენი ლიდერობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის იყოს ხაზგასმული მომავალ სამიტზე. საქართველოს მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს მიზანი გახლავთ ურყევი და ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა გამოწვევას, რომელიც ამ გზაზე გველის, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხი.
„ამ კუთხით აღვნიშნეთ დადებითი დინამიკა, რომელიც გასულ წელს განხორციელდა და მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ასპირანტ ქვეყანას, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით აქვს. ასევე ვიმსჯელეთ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობაზე“, – აღნიშნავს ზალკალიანი.
მისი თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ვალდებულებები და პრიორიტეტები, რომელიც ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში აქვს აღებული, ეფექტიანად შესრულდება.