დავით ზალკალიანი - საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება გარანტირებულია და მომავალშიც ასე იქნება
საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება უმთავრესია, აღნიშნული ორი უმთავრესი პირობა გარანტირებულია და მომავალშიც გარანტირებული იქნება, მათ შორის „გაზპრომთან“ დასრულებული მოლაპარაკების შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ენერგოუსაფრთხოების ნაწილში და მოსახლეობისთვისა და ენერგოგენერაციისთვის განკუთვნილი გაზის მთავარი მომწოდებელი ისევ აზერბაიჯანი და „სოკარი“ იქნება.
„ამ გაზს საქართველო, როგორც აქამდე იღებდა „შაჰდენიზისა“ და „სოკარის“ მეშვეობით, მომავალშიც ასე გააგრძელებს. „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები იყო მხოლოდ და მხოლოდ კომერციული სტრუქტურებისთვის მისაწოდებელ გაზზე და ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ ამით, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობა და დაბალი ფასები გარანტირებული იქნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, ეს ენერგომოწოდების კუთხით სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას არ შეეხება.
„რაც უმთავრესია, მოსახლეობა, ენერგოგენერაცია და თბოელექტროსადგურები აზერბაიჯანული გაზით იქნებიან უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ გუშინ განაცხადა, რომ სამინისტრომ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დაასრულა. მისი თქმით, ზედმიწევნით დაცულია ორივე პრინციპი, რომლითაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დროს საქართველო ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულება ორი წლით გახანგრძლივდა და 2019-2020 წლების განმავლობაში იმოქმედებს.