დავით ზალკალიანი - საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მჭიდრო კოორდინაცია სჭირდება
ვფიქრობ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პერიოდია, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საჭიროებს დაუყოვნებლივ მჭიდრო კოორდინაციას და ორივე მხრიდან პოზიციების შეჯერებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მხარდამჭერი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ამასთან, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის შავი ზღვის რეგიონში, ასევე მის მიღმა თანამშრომლობა და საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის, ფუნქციის ხაზგასმა იქნება.
გარდა ამისა, ზალკალიანის თქმით, საქართველოსა და თურქეთს საერთო გამოწვევები აქვთ, როგორც პანდემიის დამარცხების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით.
„ცოტა ხნის წინ დაგეგმილი იყო სამმხრივი შეხვედრა, თუმცა სამწუხაროდ, არ შედგა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად. მივიღე შემოთავაზება ჩემი თურქი კოლეგის მხრიდან, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი განხორციელებულიყო და გვქონოდა საშუალება, გვემსჯელა ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებთან მიმართებით, არამედ რეგიონულ კონტექსტშიც.
მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი, ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში, ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მოგეხსენებათ, შავი ზღვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ განსახილველ საკითხებს შორის იქნება როგორც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, ასევე შავი ზღვის რეგიონს მიღმა და ჩვენი, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის, ფუნქციის ხაზგასმა.
ერთ-ერთი თემა, რომელსაც ჩვენ შევეხებით, ბუნებრივია, არის პანდემია. „კოვიდ-19“-ის პერიოდში თურქეთის დახმარება საქართველოსთვის იყო ხელშესახები, სერიოზული. თურქეთი იყო ქვეყანა, რომელიც გვერდით დაუდგა საქართველოს გაჭირვების ჟამს. მაშინ, როდესაც თავად უჭირდა საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზება, საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა. ამიტომ, ჩვენ მადლიერი ვარ და თანამშრომლობა, ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ საერთო გამოწვევები გვაქვს როგორც პანდემიის დამარცხების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით. როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ბუნებრივია, შევეხებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. იცით, გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, იგივე თავისუფალი ვაჭრობისა და დიაგონალური აკუმულაციის კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადებები.