დავით ზალკალიანი საფრანგეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ჰელსინკში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპულ საქმეთა საკითხებში საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან ამელი დე მონშალენს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, კმაყოფილება გამოითქვა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის გამო, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
მხარეებმა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში საფრანგეთის და შემდგომ საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობაზე.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს წარმატებას ამ გზაზე.