დავით ზალკალიანი საბერძნეთში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით გიორგი კანდელაკის ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიცრუეს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციას, თითქოს, საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, დავით დონდუამ ეჭვი შეიტანა საბერძნეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაში, რომლითაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში საბერძნეთის დამსახურება მნიშვნელოვანია.
„ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ხშირად, სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიცია და ოპონენტები ცდილობენ, პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის საკითხი შემოიტანონ პოლიტიკურ კონტექსტში და წინასაარჩევნო გარემოში. მესმის, რომ ოპოზიციის გარკვეულ პირებს აქვთ დავალება, რომ ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და ამ თემით მუდმივად იყოს აპელირება, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა.
ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ეფექტური თანამშრომლობა, ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან, მათ შორის საბერძნეთთანაც. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მათთან, მუდმივად ვაწოდებთ მათ ინფორმაციას ქვეყნის შიგნით არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირის დოკუმენტები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია. მათ შესახებ ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას არამხოლოდ საბერძნეთისგან, არამედ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან, ასევე ბრიუსელისგან, რომლისგანაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, საბერძნეთში საქართველოს ელჩი ამჟამად შვებულებაშია და როგორც კი დაბრუნდება, მასთან ექნებათ კომუნიკაცია.
„შეხვედრებში არაფერი არაა ახალი და გასაკვირი, რომ ელჩი ხვდება ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. საბერძნეთის ელჩის პოზიციაც გასაკვირია და მას სურს, რომ ამ ქვეყნებს შორისაც არსებობდეს ის რეჟიმი, რა რეჟიმიც არსებობს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. ის ამჟამად შვებულებაშია. როგორც კი დაბრუნდება, მასთან იქნება კომუნიკაცია და ის მიიღებს შესაბამის განმარტებებს. მანამდე საელჩოსთანაც იქნება კომუნიკაცია.
არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენთვის მთავარია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ჩვენი და მათი მოქალაქეების უსაფრთხოება. ამ საგანგებო სიტუაციის პირობებშიც ოთხი თუ ხუთი რეისი განხორციელდა და ამ რეისით ისარგებლეს როგორც ათენიდან მომავალმა მოქალაქეებმა, ასევე საქართველოდან ათენში მიმავალმა მოქალაქეებმა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.