დავით ზალკალიანი - რუსეთის რეაქცია არის პასუხი ჩვენს ქმედებასა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებებზე
რუსეთის ასეთი მწვავე რეაქცია, პირველ რიგში, არის პასუხი ჩვენს ქმედებაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელიც მყისიერად გავაკეთეთ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების, დაჭრის ფაქტისა და ცხინვალში გადაყვანის მიუღებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, ზაზა გახელაძის დაკავებისთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავე განცხადებას, საერთაშორისო პარტნიორების ასეთივე ასევე მწვავე რეაქციები მოჰყვა.
დავით ზალკალიანის თქმით, ეს ქმედება მწვავედ შეაფასეს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაშიც, მათ შორის ბრიუსელში, მისი ბოლო ვიზიტისას.
მინისტრი განმარტავს, რომ გახელაძის გატაცების თემა ბრიუსელში, როგორც ნატო-საქართველოს კომისიის, ისე ევროკომისიასა და ევროპარლამენტში გამართული ყველა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. დღეს კი, ოფიციალური თბილისი მწვავე შეფასებებს უკვე ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს ფორმატში ელოდება.
როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, რუსეთის ფედერაციის გაღიზიანება სწორედ საერთაშორისო მობილიზაციამ გამოიწვია.
„ვენაში ჩვენი ინიციატივით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, სადაც ასევე ველოდებით ძალიან მწვავე განცხადებებს ევროკავშირის და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. ეს ყველაფერი რუსეთს აგდებს თავის მართლების პოზიციაში და სწორედ ამ განცხადებაში ჩვენ ვხედავთ მათ გაღიზიანებას, აგრესიულ ტონს და ასევე ფოკუსის გადატანის მცდელობას სხვა მიმართულებით. ისინი ერთგვარად ცდილობენ, საკუთარი თავის დისტანცირებას, რასაც მუდმივად აკეთებენ ჟენევის ფორმატში იმის მტკიცებით, რომ რუსეთი არ არის მხარე. სწორედ ამის დემონსტრირებაა ცინიკური განცხადება, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.