დავით ზალკალიანი - რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოში ამჯერადაც მარტო აღმოჩნდა
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ დაეთანხმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის კონსოლიდირებულ ანგარიშს “კონფლიქტი საქართველოში”, რუსეთის ფედერაცია იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა პირველ არხს ანგარიშის განხილვის შემდეგ განუცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ანგარიშს პოზიტიური გამოხმაურებები ჰქონდა, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ქართული მხარის გამოსვლასაც ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლებისგან.
როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, სხდომაზე დელეგატებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
“ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ დაეთანხმა კონსოლიდირებულ ანგარიშს, რუსეთის ფედერაცია იყო. მას არ ჰქონდა არანაირი მხარდაჭერა, ისინი იყვნენ ფაქტობრივად მარტო. რუსეთის ფედერაციის გამოსვლაც ძირითადად იყო იმ კონტექსტში, რომ საკითხები არ უნდა იყოს განხილული ევროპის საბჭოში და ამაზე მსჯელობა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჟენევის კონტექსტში, ეს იყო მათი გამოსვლის ძირითადი პათოსი”, – აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტი, დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა გაზაფხულზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშისგან, კერძოდ იმით, რომ სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგრძნობლად გაუარესებულია.
“გაუმჯობესების კუთხით ლაპარაკი არ არის, საუბარია იმ უამრავ დარღვევაზე, რომლებიც წინა ანგარიშთან შედარებით კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს იღებს. ასევე, საუბარი იყო ერედვში მდებარე ქართველების სახლების განადგურებაზე, ბორდერიზაციის პროცესზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეხება”, – ამბობს პირველ არხთან საუბრისას დავით ზალკალიანი.
მისივე თქმით, დადებითად შეფასდა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი, თვითმმართველობის არჩევნები და მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნები.
ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში – “კონფლიქტი საქართველოში” , რომელიც დღეს ევროპის საბჭოში მოისმინეს, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. აგრეთვე ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის ფაქტებზე ანგარიშში ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურების ფაქტები, გამშვები პუნქტების დახურვა, ე.წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით შევიწროვება და სხვა სახის პრობლემები.