დავით ზალკალიანი - რუსეთი პანდემიის დროსაც კი განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას, რათა საქართველოს მშვიდობიანი განვითარების საშუალება არ მისცეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი პანდემიის დროსაც კი განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას, რათა საქართველოს მშვიდობიანი განვითარების საშუალება არ მისცეს.
როგორც დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, პანდემიის დროსაც კი, რუსეთი ამ მიზნების განხორციელებას ცდილობდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ მასობრივი დეზინფორმაციული კამპანიით, თუ ე.წ. ბორდერიზაციის ახალი ტალღით.
„ყველაფერი არის გათვლილი მათ ქმედებებში, ორი მიმართულებით მუშაობენ ისინი – გზავნილებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, როდესაც საკუთარი თავის პროცესებიდან დისტანცირებას ცდილობენ და ასევე ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობებით. იყო დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მათ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დაიწყეს შუა პანდემიის დროს. მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება პანდემიისკენ იყო მიმართული, მათ გამონახეს დრო ბორდერიზაციის ახალი ტალღისთვის. ისინი იყენებენ ყველანაირი ზემოქმედების ბერკეტს, რათა არ მისცენ საქართველოს ნორმალური განვითარების საშუალება. სტაბილურობა საქართველოში, მათ ინტერესში არ არის, ისევე როგორც მათ ინტერესში არ არის ქართული ეკონომიკის განვითარება და იგივე პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა. დესტაბილიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო პროცესს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას, ეს არის მათ ინტერესში, ამიტომ საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რასთან გვაქვს საქმე“, – განცხადა დავით ზალკალიანმა.