დავით ზალკალიანი - როდესაც მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა, ჩვენ მივიღეთ ცილისმწამებლური განცხადებები რუსეთის მხრიდან
დავით ზალკალიანი - როდესაც მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა, ჩვენ მივიღეთ ცილისმწამებლური განცხადებები რუსეთის მხრიდან

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს, კიდევ ერთხელ მზად ვართ, რუსეთის წარმომადგენლები დავპატიჟოთ და კიდევ ერთი ახალი წვრთნები ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„26 მაისს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება ულოცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ მივიღეთ ის ცილისმწამებლური და პარადოქსული განცხადებები, რომელიც წამოვიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. არაერთხელ განგვიცხადებია და არ დავიღლებით ამის საჯაროდ განცხადებით, რომ ლუგარის ცენტრი არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ითამაშა ფასდაუდებელი როლი მთელ ამ პერიოდში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ფასდაუდებელია ის საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებდა და რომელსაც მომავალში განახორციელებს.

„ის არის არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი, ის არის ჩვენი უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს და ჩვენ ვრცელი განცხადება გავავრცელეთ რუსეთის ფედერაციის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის მონაწილე ბიოლოგიური შეიარაღების გაუვრცელებლობის კონვენციის, ამ კონვენციის ფარგლებში არის შექმნილი ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ცენტრის ტრანსფარენტულობას. ამ თვალსაზრისით, მეშვიდე გადახედვითი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც იყო ჟენევაში,  ჩვენ 2018 წელს უკვე მოვიწვიეთ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა და თვალნათლივ ენახათ, თუ რას წარმოადგენს ეს ცენტრი. სამწუხაროდ, მათ არ მიიღეს მონაწილეობა ამაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, კიდევ ერთხელ მოიწვიოს რუსეთის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, კიდევ ერთხელ მზად ვართ, რომ ისინი დავპატიჟოთ და კიდევ ერთი ახალი წვრთნები ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. რაც შეეხება ორმხრივს, ვამბობთ რომ ორმხრივად, რა თქმა უნდა, ეს არ განხორციელდება და ჩვენ არანაირი ვალდებულება ამ კონვენციის ფარგლებში ორმხრივად მათი მოწვევის შესახებ არ გვაქვს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.