დავით ზალკალიანი - პირველი სპეცრეისები რომიდან დაიწყო, ამიტომ 22 მაისს, რომელიც საგანგებო სიტუაციის დასრულების თარიღს ემთხვევა, რეისი რომიდან გვექნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უახლოეს მომავალში დაგეგმილ სპეციალურ ავიარეისებზე ისაუბრა, რომელიც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით შესრულდება.
მისი თქმით, ახალი მიმართულებები საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად განისაზღვრა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 9 მაისის ჩათვლით, ხვალ გვექნება ბერლინიდან რეისი და ამის შემდეგ საგანგებო სიტუაციის პირობებში, კიდევ დამატებით ახალი რეისები განისაზღვრა.
12 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-ლონდონის მიმართულებით; 15 მაისს თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით, რომელზეც ისარგებლებენ სპეციალურად მხოლოდ ამერიკის კონტინენტიდან წამოსული ჩვენი მოქალაქეები; ასევე 18 მაისს იქნება თბილისი-ლარნაკას რეისი; 20 მაისს შესრულდება თბილისი-ათენის რეისი. ასევე 22 მაისს იქნება რეისი რომიდან. ეს თარიღი ემთხვევა საგანგებო სიტუაციის დასრულების თარიღს და როგორც გახსოვთ, პირველი სპეციალური რეისები სწორედ რომიდან დაიწყო და ჩვენ ასევე სიმბოლურად, 22 მაისს გვექნება რეისი რომიდან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება მომავალშიც გაგრძელდება.
„ეს იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებს საკოორდინაციო საბჭო, ანუ რა ფორმით მოხდება დაბრუნება. თუკი რეგულარული ფრენები აღდგა, შესაძლოა, რეგულარული ფრენებით მოხდეს მათი სამშობლოში დაბრუნება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.