დავით ზალკალიანი - პირობას გაძლევთ, ჩვენი აშშ-თან ურთიერთობა ჩემი ელჩობის პერიოდში უფრო მაღალ ნიშნულზე ავა
დავით ზალკალიანი - პირობას გაძლევთ, ჩვენი აშშ-თან ურთიერთობა ჩემი ელჩობის პერიოდში უფრო მაღალ ნიშნულზე ავა

მინდა, მადლობა ვუთხრა პრემიერს ნდობისთვის, გვერდში დგომისთვის, რადგანაც მოგეხსენებათ, საგარეო პოლიტიკა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, მის ყოველდღიურობას და მომავალს, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

„წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაში საერთაშორისო ასპარეზზე და ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, უსერიოზულესი გამოწვევებით აღსავსე“,- აღნიშნა ზალკალიანმა და მინისტრობის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა.

„დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან, ატაშე გახლდით 1992 წელს. მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი, დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც არის დიდი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში არის დიდი ნდობა. მადლობას ვუხდი გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა ამ მისიის შესრულების პროცესში. ბევრი იყო მიღწევები, როგორც ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ,ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია და საქართველომ შეძლო. მეამაყება ამის თქმა, ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში. ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო. ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები. ყველა თემატიკის განხილვის დროს ჩვენი საკითხი იყო აქტუალური, ისე როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ჩვენ დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად, დამოუკიდებელი საქართველს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და სადაც მკაფიოდ იყო გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება.

მეამაყება, რომ ბატონ პრემიერთან ერთად მონაწილეობა მაქვს მიღებული ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში, მისი პარაფირების და შემდგომ უკვე პრემიერმა მოაწერა მას ხელი, გახსოვთ, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ჩათვლით. შემდგომ უკვე გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა თავისუფალი სავიზო ლიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ჩემი მინისტრობის ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით მინდა, ძვირფას კოლეგას და მეგობარს, ილიას წარმატება ვუსურვო. რადგაც ეს არის უსერიოზულესი გამოწვევა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და აქ როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია ყველას, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება“,- განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, პირობას დებს, რომ მისი ელჩობის პერიოდში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

„მინდა, მადლობა გითხრათ იმ ნდობისთვის, რაც გამომიცხადეთ ახალ პოზიციაზე. ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში წარმოადგენდე საქართველოს, უდიდესი პასუხისმგებლობაა. პირობას გაძლევთ, ისეთი მაღალი პასუხისმგებლობით, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საქმიანობას, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ ახალ პოზიციაზე მუშაობას. პირობას გაძლევთ, ჩვენი აშშ-თან ურთიერთობა ჩემი ელჩობის პერიოდში უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.