დავით ზალკალიანი პარტნიორ ქვეყნებსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მადლობას უხდის
დავით ზალკალიანი პარტნიორ ქვეყნებსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დახმარების გარდა, აქტიურად მუშაობდა ქვეყნის სხვადასხვა საჭიროებაზე, როგორიცაა: დეფიციტური სამედიცინო ნედლეულის მოძიება და მომარაგება, ტვირთების, დერეფნების უზრუნველყოფა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ასევე თბილისში აკრედიტებული საელჩოს თანამშრომლებზე ზრუნვა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრმა საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დიდი მადლობა გამოვხატო ჩვენი დიპლომატიური მისიების მიმართ. ურთულესი პროცესი მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ შემოიღო გარკვეული შემზღუდავი პროცედურები ამ პროდუქტების გატანასთან დაკავშირებით. ამ ურთულეს პირობებში, ჩვენმა მისიებმა და ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა შეუძლებელი შეძლეს  – სამედიცინო პროდუქცია, მხედველობაში მაქვს ტესტები, პირბადეების საწარმო პროცესის აწყობა, დამცავი საშუალებები, თერმომეტრები – ყველაფერი ეს. თითოეულ ამ პროცესში, რა თქმა უნდა, აქტიურად იყო ჩართული ყველა ჩვენი დიპლომატიური მისია და ამისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პარტნიორს ქვეყნებს.

„რა თქმა უნდა, მადლობა იმ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც ამ პროცესში გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება, მიუხედავად იმისა, რომ მათაც ძალიან უჭირდათ, საქართველოს მიმართ არ დაიშურეს გულუხვობა და მოგვეცა საშუალება, რომ ეს პროდუქცია დროულად შემოგვეტანა საქართველოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.