დავით ზალკალიანი - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგია თავსებადია ყველა გამოწვევასთან, რომელიც გვაქვს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თავსებადია ყველა გამოწვევასთან, რომელიც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გეგმა მიმდინარე პროცესებთან უშუალო კავშირშია და შესაბამისად, დოკუმენტის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია.
„რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში დინამიურად ცვალებად გარემოში სწრაფი რეაგირებაა საჭირო. აღნიშნული სტრატეგიაც და სამოქმედო გეგმაც თავსებადია ყველა გამოწვევასთან, რომელიც გვაქვს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ პარლამენტთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან. ძალიან ბევრ საერთაშორისო ფორუმში ერთობლივად ვმონაწილეობთ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიის როლი, პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი რეზოლუციები, რომელიც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
„2016 წლის რეზოლუცია პარლამენტისთვის და ჩვენთვის, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელოა. კოორდინირებულ მუშაობას მომავალში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რათა გამოწვევებთან ბრძოლაში ჩვენი ქმედება ეფექტიანი იყოს“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამომავლო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ გახსნა. მონაწილეებს დავით ზალკალიანი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც მიმართავენ.