2019 წელი საქართველოსთვისაც გამორჩეულია, რადგან 20 წლის წინ საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა, რითაც მან პროგრესის გზა აირჩია და დაამტკიცა, რომ დემოკრატიული განვითარების სურვილს წინ ვერაფერი აღუდგება, – ამ სიტყვებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1129-ე სხდომის მონაწილეებს მიმართა.
მისი თქმით, ევროპის საბჭო, რომელიც წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, პატარა ქვეყნებს დიდ ქვეყნებთან ათანაბრებს და ევროპის მოქალაქეებს თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დაცვის თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს.
ზალკალიანის განცხადებით, ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და აღმავალი გზით მიმავალ ქვეყნად ჩამოყალიბდა, თუმცა ის ჯერ კიდევ საფრთხეების წინაშე დგას.
კერძოდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით, კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას. მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ყოველდღიურად ირღვევა მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ფუნდამენტური უფლებები. ზალკალიანის განცხადებით, სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებამ ყოველგვარი ღირებულება დაკარგა და დაუსჯელობის სინდრომმა ფესვი მყარად გაიდგა. ამ კონტექსტში მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული საქართველოს მოქალაქეები გაიხსენა.
„გასული წლის მინისტერიალზე საქართველომ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობათა საკითხი დააყენა, მაგრამ ამ ტრაგიკულ სიას ბოლო არ უჩანს! მას ახლახან საქართველოს მოქალაქე – ირაკლი კვარაცხელია დაემატა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ მოქმედ რუსულ ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა“, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ერთიან საერთაშორისო ძალისხმევას, ამ ურთულესი გამოწვევების ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, აღნიშნულ კონტექსტში, ევროპის საბჭო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისა და „საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღებისთვის. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა.
„ჩვენ, წევრი სახელმწიფოები, წინ უნდა აღვუდგეთ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს და არ დავუშვათ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა“, – დასძინა მან და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წვდომას უზრუნველყოფენ.
„ნაკისრი ვალდებულებების სრული და უპირობოდ შესრულება საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტად უნდა აქციოს“, – განაცხადა ზანკალიანმა და რუსეთს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისა და საქართველოდან თავისი სამხედრო შენაერთების გაყვანისკენ მოუწოდა.
ზალკალიანმა რუსეთთან მიმართებაში ევროპის საბჭოს წევრთა ერთიანი პოზიციისა და ძალისხმევის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მყარ პოზიციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანქციების არსებული სისტემის სასარგებლოდ, რაც წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს წევრი ქვეყნების მხრიდან დარღვევების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, მინისტერიალისთვის მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად არ დაუჭირა მხარი.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებული სანქციები ეფექტიანი და მართებული ზომაა და საქართველო ახალი სისტემის ამოქმედებას, ვერ დაეთანხმება.
„დღეს, როდესაც კრიტიკულ გზაჯვარედინზე ვდგავართ, გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთო პოზიციის შენარჩუნებასა და ერთიან ძალისხმევას ენიჭება. როდესაც საქმე პრინციპებსა და ღირებულებებს ეხება, ნებისმიერი დათმობა დაასუსტებდა ორგანიზაციას და ხელს შეუწყობდა ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც 70 წლის წინ ევროპის საბჭო დაეფუძნა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო სწორედ აღნიშნული პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და მტკიცედ დამცველია. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1129-ე სხდომა 2019 წლის 17 მაისს, ქალაქ ჰელსინკში გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.