დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ მიღწეულ პროგრესს და ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ნატო-ს წევრობა
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის გამართვა საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე პრაქტიკული განზომილების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
„რა თქმა უნდა, არის საუკეთესო შესაძლებლობა, რათა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან განვიხილოთ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამაზე იყო საუბარი იმ ხანგრძლივი განხილვის დროს, რომელიც საბჭოს ფარგლებში გაიმართა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ისაუბრეს იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს თავდაცვის რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.
„უაღრესად პოზიტიური შეფასებები მოვისმინეთ ყველა წევრი ქვეყნისგან, გენერალური მდივნის მოადგილის მხრიდან. საქართველო აღიარებულია, როგორც სამაგალითო ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა საბოლოო მიზნისკენ, რაც არის გაწევრიანება, ვიაროთ ჩქარი ნაბიჯებით და ამ თვალსაზრისით ამ შეხვედრას მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე, ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში არსებობს უსაფრთხოების კუთხით. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან მიმართებით“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს პარტნიორები მკაფიოდ აფიქსირებენ მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აღიარებულ საზღვრებში.
„ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი იყო შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე, რომელიც იყო განმსაზღვრელი ნატო-ს წინა სამიტის დეკლარაციაში, რომელიც უპრეცედენტო იყო. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან მიმართებით სამიტის დონეზე პირველად ჩატარდა ეს შეხვედრა და სწორედ ის გადაწყვეტილება და დეკლარაცია, რომელიც საუბრობს ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის, პრაქტიკული განზომილების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე, იგივე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით, ის შეთანხმებები, რომელიც მაშინ იქნა მიღწეული, აუცილებელია, რომ პრაქტიკულ განზომილებაში ითარგმნოს და ამ მიმართულებითაც სერიოზული პროგრესია. ეს ყველაფერი აისახა ერთობლივ დეკლარაციაში, ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მიიღო ნატო-ს საბჭომ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ ამ მიღწეულ პროგრესს და ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ იმ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის წევრობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, დღეს ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიიღეს ერთობლივი განცხადებაც.