ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება - 2020 წელს ნატო-მ და საქართველომ, გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, უნდა განაახლონ არსებითი პაკეტი
ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება - 2020 წელს ნატო-მ და საქართველომ, გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, უნდა განაახლონ არსებითი პაკეტი

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივი 11-პუნქტიანი განცხადება მიიღეს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„1. დღეს, ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) ელჩების დონეზე. მოკავშირე ელჩებმა და ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნეს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების უნიკალური მასშტაბი და სიღრმისეულობა. მოკავშირეები მიესალმნენ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვითი ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის კუთხით მიღწეულ არსებით პროგრესს. საქართველოს ახალი მთავრობა მოწოდებულია განაგრძოს აღნიშნული რეფორმების განხორციელება.

2. ხვალ, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. ისინი ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოებას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ოფიციალური ვიზიტი, მოკავშირე ელჩებისთვის კარგი შესაძლებლობაა აღნიშნონ ბოლო 5 წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)ფარგლებში მიღწეული წარმატება. მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებისა და გაუმჯობესების გადაწყვეტილება.ელჩები აპირებენ ადგილზე გაეცნონ საქართველოს რეფორმებს თავდაცვის სფეროში, შიდა პოლიტიკურ რეფორმებს და ნატო-საქართველოს ურთიერთობის ყველა ასპექტს, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს და განიხილონ სამომავლო პრიორიტეტები.

3. საქართველო,ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ალიანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასევე არის ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი. მოკავშირეები დიდად აფასებენ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატო-ს ოპერაციებისა და მისიებისადმი. კერძოდ, საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM), როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი. ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი ხალხის მიერ საერთო უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გაღებული მსხვერპლის წინაშე და მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს წვლილისთვის. ეს ძალისხმევა, საქართველოს ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად, წარმოაჩენს საქართველოს ერთგულებას და მის შესაძლებლობას საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

4. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 5 წლისთავის აღნიშვნისას, მოკავშირე ელჩებმა და საქართველომ აღიარეს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის წარმატება, რომელიც საქართველოს, ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) წარმატებით ფუნქციონირებს და ნატო მხარს უჭერს მათ მნიშვნელოვან მიზნებსა და ამოცანებს. ჩვენ მივესალმებით ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელიც 2019 წლის მარტში, ნატო-ს 21 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობით ჩატარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გენერალურმა შტაბმა და JTEC-მა, ნატო-ს სტანდარტებზე დაყრდნობით, ერთობლივად დაგეგმეს და წარუძღვნენ კრიზისებზე რეაგირების მრავალეროვნულ სწავლებას. ჩვენ, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით და “ნატო-ს ერთობლივი ძალების სწავლების ცენტრის“მხარდაჭერით, ვემზადებით მორიგი, 2022 წლის ნატო-საქართველოს სწავლებისთვის.ამასთანავე, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი სხვა ინიციატივების განხორციელების კუთხითაც. მოკავშირეები მომავალშიც განაგრძობენ არსებითი პაკეტის მხარდაჭერას.ამ კონტექსტში, ახლახანს გაცხადებული იქნა ახალი სფეროები, სადაც მიმართული იქნება მათი მხარდაჭერა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში თავდაცვის რეფორმების განხორციელებას, ნატო-სთან  თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს მედეგობის გაძლიერებას.

5. ნატო და საქართველო მზად არიან კიდევ უფრო გააღრმავონ ეს თანამშრომლობა. ბოლო 5 წლის წარმატებაზე დაყრდნობით,მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ 2020 წელს  ნატო-მ და საქართველომ, გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, უნდა განაახლონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

6. ნატო აფასებს საქართველოს ჩართულობასა და შეტანილ წვლილს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიულ დისკუსიებსა და სიტუაციურ ანალიზში. ამ მიმართულებით ნატო კიდევ უფრო ავითარებს დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშროლობას საქართველოსთან, მათ შორის არსებითი პაკეტის ფორმატშიც.  ნატო-ს 2019 წლის აპრილის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რამდენიმე ახალი მიმართულება უკვე იქნა ინიცირებული. ნატო მიესალმება საქართველოს ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიეროს ნატო-სა და წევრი ქვეყნებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერა. ნატო-მ გაზარდა საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის,სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების წვრთნის, ნატო-ს საზღვაო შენაერთებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას შორის ურთიერთქმედების გაზრდის, საპორტო ვიზიტების, სწავლებებისა და სიტუაციური ანალიზის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებით. მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს ახლად შეძენილი საპატრულო კატარღების თავსებადობა ნატო-სთან.

7. მოკავშირეთა ელჩები მიესალმებიან საქართველოს თვალსაჩინო პროგრესს თავდაცვის დანახარჯებისა და ყოვლისმომცველი რეფორმების კუთხით, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ.

8. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი,  რაც მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია და მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. მოკავშირეები ადასტურებებენ2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არის ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი; მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც – შემდგომ გადაწყვეტილებებს. ელჩები მიესალმებიან 2008 წლის შემდგომ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა, საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად, ყველა პრაქტიკულ მექანიზმს მოიცავს. კონკრეტულად, ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. მოკავშირეები აღიარებენ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე და მოუწოდებენ საქართველოს შეინარჩუნოს ეს პროგრესი.აღნიშნული რეფორმები ეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ სახელმწიფოს, მიაღწიოს პროგრესს წევრობისთვის მომზადების პროცესში, რაც ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და ამაღლებს ალიანსთან თავსებადობას.

9. მოკავშირეები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაზე. ვგმობთ ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევებს, რომლებსაც ადგილი აქვთ აღნიშნულ რეგიონებში, ასევე ამ რეგიონების მილიტარიზაციას, მავთულხლართების ღობეების და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვა ხელოვნური, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის განახლებას. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კერძოდ, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები, რომლებიც იქ იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, და საშუალება მისცეს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. მივესალმებით საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და ძალის არგამოყენების თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯები.მოკავშირეები არ აღიარებენ ე.წ. არჩევნებს, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ივნისსა და აგვისტოში ჩატარდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ჩართულობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს და მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ მოახდინოს ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაცია. ასევე მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე. მოკავშირეები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ასევე ხაზს უსვამენ საკვანძო საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღების აუცილებლობას მოლაპარაკებათა პროცესში, რათა მოხერხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

10. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი და განგრძობითი ურთიერთობის გამოხატულებაა. მომავალში ჩვენ ველით, რომ ნატო-საქართველოს კომისია კვლავ შეასრულებს მთავარ როლს საქართველოსა და ალიანსს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაში.

11. მოკავშირეები მადლიერებას გამოხატავენ ვიზიტის დროს საქართველოს მიერ გაწეული განსაკუთრებული მასპინძლობისთვის“, – ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში.