დავით ზალკალიანი მიუნხენის 56-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 14-16 თებერვალს ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიებში, მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან. ზალკალიანი რუმინეთის, უკრაინის თავდაცვისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობს დისკუსიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე, The Greater Black Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial, რომელიც ორგანიზებულია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) და ახალი სტრატეგიის ცენტრის (NSC) მიერ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ და აზიელ კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან, წამყვანი ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის და აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.