დავით ზალკალიანი - მინდა, მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მიმართ, რომელთან ერთადაც ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით კიბერუსაფრთხოების გლობალურ გამოწვევასთან გასამკლავებლად
მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრი ერთობლივი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით, რათა გლობალურ გამოწვევას გავმკლავებოდით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში კიბერთავდასხმების გამო რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვსი თანამშრომლისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეფექტიანი თანამშრომლობით შედეგის მიღება.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ვისთან ერთადაც ჩვენ ძალიან ბევრი ერთობლივი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით, რათა ამ გლობალურ გამოწვევას გავმკლავებოდით. ეს არის კარგი, კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ ერთობლივად, კოორდინირებულად შეიძლება პრევენციული ნაბიჯების გადადგმა.
ჩვენ მუდმივად ვცვლით ინფორმაციას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, მუდმივად ვიღებთ მათგან შესაბამის რეკომენდაციებს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს კოორდინაცია და თანამშრომლობა, რადგანაც ჩვენზე სისტემურად უფრო ძლიერი ქვეყნებიც კი, მოწყვლადი არიან ამ გლობალური გამოწვევის წინაშე.
თუნდაც, რამდენიმე დღის წინ ნორვეგიაზე იყო კიბერთავდასხმა, მანამდე გერმანიაზე და ა.შ. ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს და ცალკე ვერც ერთი ქვეყანა ვერაფერს გახდება, თუ არ იქნება თანამშრომლობა პარტნიორებს შორის. ჩვენ ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ გაერთიანებულ სამეფოსთან, ესტონეთთან, რომელიც არის ამ სფეროში ძალიან წინ წასული და ვფიქრობ, რომ გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა გამოძიების პროცესში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეფექტიანი თანამშრომლობით შედეგის დადება. ჩვენ ანალიზი ამ კონკრეტული შედეგის დაგვეხმარება, რომ მომავალში პრევენციული ნაბიჯები გადავდგათ. რა თქმა უნდა, დაცული არავინ არის და ვერავინ იტყვის, რომ უახლოეს პერიოდში მსგავსი რამ არ განმეორდება, მაგრამ როდესაც თანამშრომლობისა და აღკვეთის კარგი გამოცდილება გაქვს, ვფიქრობ, ეს მომავალში დაგვეხმარება, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის რისკები, რომელიც მომდინარეობს ამ სერიოზული გამოწვევისგან“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, როდესაც თავდასხმა ქვეყნის რომელიმე ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება, ეს არა მხოლოდ ამ სფეროზე მიმართული თავდასხმაა, არამედ – ქვეყანაზე.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის კრიტიკულ მომენტში მძაფრდება ეს პრობლემა, პანდემიის პირობებში კარგად გვახსოვს, რომ მთავარი დარტყმა იყო მიყენებული ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურაზე, როგორიც არის ჯანდაცვის სისტემა და სამიზნეები იყო სწორად ჯანდაცვის სფერო, ლუგარის ლაბორატორია, ყველას ინსტიტუტი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ გლობალური გამოწვევის, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც თავდასხმა ხორციელდება რომელიმე ინფრასტრუქტურაზე, ეს არა მხოლოდ ამ სფეროში მიმართული თავდასხმაა, არამედ თავდასხმა არის ქვეყანაზე. ეს ქვეყანას უქმნის პრობლემას, თუნდაც პანდემიასთან ბრძოლაში, იგივე დემოკრატიულ პროცესებთან მიმართებაში. ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით და სწორედ ეს არის თავდასხმა ჩვენს ინსტიტუტებზე, რომ ვერ შევძლოთ ეფექტიანად ვმართოთ პროცესი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაში ფასდაუდებელია ის დახმარება, რომელიც გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება და მხოლოდ კოორდინაციით, ინფორმაციის გაცვლით შეძლებთ, ეფექტიანად გავუმკლავდეთ ამ სერიოზულ გამოწვევას“, – განაცხადა ზალკალიანმა.