აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში კიბერთავდასხმების გამო რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში კიბერთავდასხმების გამო რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში განხორციელებული კიბერთავდასხმებისა და მავნე პროგრამების გავრცელების გამო, რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა.

საუბარია ჰაკერებზე, რომელთა ავტორობითაც შეიქმნა ისეთი გამანადგურებელი პროგრამები, როგორებიც არის „ნოთპეტია“ , „ოლიმპიკდისთროიერ მალვეარი“ და „ქილდისკი“.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმის სამიზნეს საქართველოს პარლამენტი, წამყვანი ქართული მედიასაშუალება, ასევე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2020 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლა, ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ვებგვერდი წარმოადგენდა.

„2018 წელს მიზნობრივი „ფიშინგის“ კამპანია მსხვილ მედიაკომპანიაზე, 2019 წელს მცდელობები საქართველოს პარლამენტის ქსელის კომპრომეტირებისთვის და ვებგვერდების განადგურების 2019 წლის ფართომასშაბიანი კამპანია“, – აღნიშნულია იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, კომპიუტერულ სისტემაში შეჭრისა და მავნე პროგრამების გავრცელების შედეგად, ჰაკერების სამი მსხვერპლის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ჯამურმა ღირებულებამ ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

„არც ერთ ქვეყანას არ გამოუყენებია მისი კიბერშესაძლებლობები ისე მავნებლურად ან უპასუხისმგებლოდ, როგორც რუსეთმა. ის უსაფუძვლოდ აყენებდა უპრეცედენტო ზიანს მცირე ტაქტიკური უპირატესობისთვის. დღეს დეპარტამენტი ბრალს უყენებს ამ რუს ოფიცრებს, პასუხისმგებლებს ყველაზე გამანადგურებელი კომპიუტერული თავდასხმების სერიაზე, რომელიც ოდესმე მიწერილა ერთ ჯგუფზე. მათ შორის „ნოთპეტიას“ გამოყენებისთვის“, – განაცხადა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწე ჯონ დემერსმა.

დაზვერვის სააგენტოს ოფიცრებს შორის, რომელთაც იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს ბრალი წარუდგინა, ფიგურირებენ: იური ანდრიენკო, სერგეი დეტისტოვი, პაველ ფროლოვი, ანატოლი კოვალიოვი, არტიომ ოჩიჩენკო და პიოტრ პლისკინი.

დატოვე კომენტარი