დავით ზალკალიანი - ჩვენი ელჩი უკრაინაში დაბრუნდა და შეუდგა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას, ერთ თვეზე მეტია. ის კიევშია
უკრაინაში საქართველოს ელჩი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, უკვე ერთ თვეზე მეტია, კიევშია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ელჩი დღეს საქართველოშია და უკრაინის პრემიერთან გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა.
„ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა კარგად იციან ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორები ვართ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას და კანონებს. როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ეს მიუღებელი იყო და ჩვენ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს, ეს ვუთხარით. ეს არის ის ნაბიჯი, რაც მიღებულია დიპლომატიურ პრაქტიკაში, ამიტომ მას შემდეგ, რაც ელჩი გამოწვეული იყო, ჩვენ ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია ურთიერთობა და კონტაქტი. არაერთხელ მითქვამს, მე ვიყავი მუდმივად ხაზზე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრები, გვქონდა მიმოწერა, ვხვდებოდით სხვადასხვა ფორმატებში და ვმსჯელობდით, როგორ გამოვსულიყავით ამ მდგომარეობიდან. ძალიან კარგია, რომ ელჩი დაბრუნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მზარდი დინამიზმით განვითარდება. უკრაინის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა მედიასთან განცხადება, რომ მათი პოზიციაა, რომ სააკაშვილი არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში, მას არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ის თანამდებობა, როგორსაც ცდილობდნენ, რომ წარმოეჩინათ. მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლის ფუნქცია. ჩვენთვის მთავარია, რომ არ იყოს ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა. ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობისთვის მიუღებელია და არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევას საარჩევნო პროცესებში, ეს იყო აშკარა დარღვევა ჩვენი კანონმდებლობის“, – განაცხადა ზალკალიანმა.