დავით ზალკალიანი - კონგრესმენების განცხადებაზე ოპონენტების პირველი რეაქციები არის მაგალითი, როგორ ცდილობენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნათქვამი მათ მხარდასაჭერად ითარგმნოს
აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, „პირველი რეაქციები ოპონენტების მხრიდან კონგრესმენების განცხადებაზე არის ზუსტად ის მაგალითი, როგორ ცდილობს ოპოზიცია ის, რაც ითქმევა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იყოს გამოყენებული ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ითარგმნოს, როგორც მათი მხარდაჭერა“.
ზალკალიანის განცხადებით, ეს არის მხოლოდ კვლევა, რომელსაც მათთვის „ძალიან პატივცემული „რესპუბლიკელები“ აწერენ ხელს“.
„სასაცილოა ახლა და როგორ შეიძლება ამაზე სერიოზული მსჯელობა. ვფიქრობ, რომ ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როგორ ცდილობს ოპოზიცია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შემოყვანას ჩვენ შიდა პოლიტიკურ პროცესში და საარჩევნო პროცესში. სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე პირველი რეაქციები ოპონენტების მხრიდან კონგრესმენების განცხადებაზე, და ეს არის ზუსტად ის მაგალითი, როგორ ცდილობს ოპოზიცია ის, რაც ითქმევა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იყოს გამოყენებული ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ის ითარგმნოს, როგორც მათი მხარდაჭერა.
პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს. ეს არის კვლევა, რომელიც არის ჩატარებული რესპუბლიკური სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ, არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ძალა და დანიშნულება ამ დოკუმენტს არ აქვს. ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომელსაც ხელს აწერს ჩვენთვის ძალიან პატივცემული რესპუბლიკელები, მათ შორის 13 თუ 14 კონგრესმენი“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ამ კონგრესმენებიდან სამს პირადად შეხვდა თებერვალში და ერთ-ერთმა მათგანმა ქართულ მედიასთან ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეზე ისაუბრა.
„აქედან სამთან მინდა გითხრათ, პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში ვიზიტის დროს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა მათ. მსგავსი რამ არც კი გამიგია. ვთხოვ ასევე ჩვენს მედია სამსახურს, ერთ-ერთმა მათგანმა შეხვედრის შემდეგ კომენტარიც კი გააკეთა ქართულ მედიასთან და აღნიშნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლესი დონე. ეს ახალი არ არის და ჩვენ არაერთი მსგავსი განცხადება გვაქვს მოსმენილი. სულ ცოტა ხნის წინ თუნდაც, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან, ფილიპ რიკერისგან, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა. ისე, როგორც ჩვენ ვიხილეთ ძალიან მხარდამჭერი და ძლიერი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვაში.
თავად ეს დოკუმენტიც რომ ნახოთ, ძალიან მოცულობითი დოკუმენტია, 130 გვერდზე მეტია. საქართველოზე არაა იქ საუბარი, იქ საერთოდ გლობალურ პრობლემებზეა და გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებზეა საუბარი. სადაც არის სწორედ აღნიშნული, რომ ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თანამშრომლობა არის უმაღლეს ნიშნულზე. ეს ხომ ფაქტია და ვის ხელისუფლების პირობებში მოხდა ეს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.