დავით ზალკალიანი - კელი დეგნანთან საკმაოდ საგნობრივი საუბარი მქონდა, შეფასებები, რომელიც მოჰყვა უკრაინასთან მიმართებით ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს, აშშ-ის მიერ გაზიარებულია
დავით ზალკალიანი - კელი დეგნანთან საკმაოდ საგნობრივი საუბარი მქონდა, შეფასებები, რომელიც მოჰყვა უკრაინასთან მიმართებით ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს, აშშ-ის მიერ გაზიარებულია

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის ელჩთან კელი დეგნანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის თემას წარმოადგენდა უკრაინის საკითხი და საქართველოს მხარდაჭერა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაცია მიმდინარე პროცესების ფონზე.

„ქალბატონ ელჩთან, რომელიც სულ ახლახან დაბრუნდა აშშ-დან, მქონდა საკმაოდ საგნობრივი, დეტალური საუბარი უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით და იმ საერთაშორისო მობილიზაციასთან მიმართებით, რომელსაც აშშ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად ახორციელებს უკრაინისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის კუთხით. აშშ-სგან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან კიდევ ერთხელ მივიღე ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და შეფასებები, რომელიც მოჰყვა ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს უკრაინასთან მიმართებით, აბსოლუტურად მხარდაჭერილი და გაზიარებულია აშშ-ის მიერ. ძალიან მნშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ჩვენ ვრჩებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში, რათა ყველა ქმედება იყოს თანმიმდევრული, გვქონდეს ერთობლივი პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ეს სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინისთვის ამ უაღრესად მძიმე პერიოდში გადამწყვეტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის მიმართ გამოხატული როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, კვლავ თბილისში ვიმყოფები. მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა მინისტრს ჩემთან შესახვედრად დროის გამონახვისთვის, რათა განგვეხილა ვაშინგტონში გამართული კონსულტაციები და, რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სერიოზული აგრესია. ვაშინგტონში გამართულ თითოეულ შეხვედრაზე გაჟღერდა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ, აღინიშნა ამ გზაზე სვლის გაგრძელების მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად დიდი ძალისხმევა სჭირდება ამას. ჩვენ უაღრესად მივესალმებით ბატონი ზალკალიანისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებებს, ასევე მათ მიერ გაჟღერებულ მკაფიო მხარდაჭერას ისეთი მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, სადაც საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები. ასევე უნდა აღინიშნოს ქართველი ხალხის, ბიზნესწრეებისა და მთავრობის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი მნიშვნელოვანი დახმარება, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ასევე უკრაინელი მოქალაქეების, მათ შორის, თბილისში, საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ აღმოჩენილი მხარდაჭერა.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მჭიდრო კოორდინაციას საქართველოსთან, როგორც ამას ვაკეთებთ გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში. რუსეთის მიმართ მკაფიო მესიჯი უნდა იყოს ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის კრიზისი, რომელიც შექმნა რუსეთმა, რომელიც იწვევს ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილებას და რომელმაც უკვე გამოიწვია ასობით ადამიანის დაღუპვა და უამრავი ადამიანის დასახიჩრება. უნდა იყოს მკაფიო რეაქცია. რუსეთს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს ისეთი ქვეყნების მომავალს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო. ჩვენ ერთიანნი ვართ იმ პრინციპებთან მიმართებაში, რომლებიც ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო: მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები და საგარეო საქმეთა მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.