დავით ზალკალიანი - კელი დეგნანი გამოცდილი დიპლომატია და საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს
დღემდე არსებული მიღწევები, ინიციატივები კონგრესის მხრიდან, ადმინისტრაციის მყარი მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, იძლევა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გამყარების საფუძველს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას.
„მივესალმები აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის ჩამობრძანებას საქართველოში, ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ ის არის უაღრესად გამოცდილი დიპლომატი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას.
ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი შეხვედრა. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას. ამერიკა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი.
ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ამ ტერიტორიებთან მიმართებით და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აშშ-ს აქვს საქართველოსთან მიმართებაში.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ. დღემდე არსებული მიღწევები, ინიციატივები კონგრესის მხრიდან, ადმინისტრაციის მყარი მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, იძლევა საფუძველს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
დღესვე, აშშ-ის ელჩმა დავით ზალკალიანსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა.