დავით ზალკალიანი - ინიციატივას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას გულისხმობს, ჩვენს პარტნიორებში დიდი მოწონება აქვს
ყველა ჩვენი პარტნიორი ერთხმად აღნიშნავს საქართველოს წარმატებულ მოდელს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს.
მინისტრის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედეგი აქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.
„ამით ყველა ჩვენი პარტნიორი აღტაცებულია, გვილოცავენ და მათი სურვილია, ეს პოზიციები არ დავთმოთ. ამიტომ ჩვენი პოზიციაც ძალიან გასაგები, რაციონალური და თანმიმდევრულია მათთვის.ვხედავთ ევროპაში პანდემიის ახალ ტალღას, ქვეყნებს, რომლებმაც სწრაფად გახსნეს საზღვრები, უწევთ ახალი შემზღუდავი ნორმების მიღება, რითაც ძალიან ზიანდება მათი ეკონომიკა. ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ, სწორედ ამით არის განპირობებული ჩვენი სიფრთხილე. ეს გადაწყვეტილებაც ვფიქრობ, განპირობებულია იმით, რომ ჩვენს პარტნიორებს, ვინც იყვნენ საქართველოში, მუშაობდნენ, აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები ან ფრილანსერები არიან, ანუ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოსთან გრძელვადიანი ურთიერთობები აქვთ, მივცეთ შესაძლებლობა ამ სიტუაციაში, სწორედ იმიტომ, რომ კარგი ზომები გვაქვს მიღებული, სარგებელი მოგვიტანონ ჩვენც და საკუთრ ქვეყანასაც, რომელსაც ისინი წარმოადგენენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზალკალიანის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ორმხრივად ხელსაყრელია.
„ვფიქრობ, ეს ორმხრივად ხელსაყრელია, ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება ეკონომიკის იმ მიმართულებებში, რომელ სფეროებსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. ამიტომ ამ ინიციატივას დიდი მოწონება აქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.