დავით ზალკალიანი იემენის, გრენადის, ვანუატუს, სიერა-ლეონესა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ზალკალიანი იემენის, გრენადის, ვანუატუს, სიერა-ლეონესა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
იემენის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ჰალედ ჰუსეინ ალემანისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
ქართულმა მხარემ იემენის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
გრენადის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ დევიდთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ტურიზმის სფერომ.
ვანუატუს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან რალფ რეგენვანუსთან გამართულ შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეგახსენებთ, რომ ვანუატუმ 2013 წელს უკან გაიწვია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება.
სიერა-ლეონეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი კაბამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე დაინტერესდა საქართველოს გამოცდილებით განათლების, ჯანდაცვის და ელექტრონული სახელმწიფო სერვისების სფეროში.
დავით ზალკალიანი ურუგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს როდოლფო ნინ ნოვოასაც შეხვდა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ მსგავსებას, მათ შორის, მედიათავისუფლების, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ურუგვაის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შემდგომ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში და ამ მხრივ, ურუგვაის მდიდარი გამოცდილების გაზიარებას.