დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როიტგენს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ დეპუტატს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„ხაზი გაესვა გერმანიის ბუნდესტაგის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას. ამ მხრივ უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს მიღწევები და კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციის პროცესმა მოიტანა საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს შესახებ.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა რუსეთის აგრესიისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებზე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გერმანიის პოლიტიკური წრეების სათანადო რეაგირების მნიშვნელობა.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს გერმანიისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური მაღალი დონის კონტაქტები, აღინიშნა რომ ფედერალური კანცლერის განხორციელებული ვიზიტი საქართველოში და საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი ბერლინში კიდევ უფრო გაამყარებს ორი ქვეყნების პარტნიორობას“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.