დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭო მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გასულ კვირის ინიციატივას, რომელიც ოძისი-ახალგორის ხაზზე საბაჟო პუნქტის გახსნასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეტანილი ტვირთის დაბეგვრას ითვალისწინებს, ევროპის საბჭო გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის კონსოლიდირებულ ანგარიშის “კონფლიქტი საქართველოში” განხილვაზე, მკაცრი შეფასება მისცეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის თქმით, უკანონო ბორდერიზაციის, გამშვები პუნქტების დახურვის, მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვის, ეთნიკურად ქართველთა ქონების განადგურებისა და ბინადრობის მოწმობების იძულებით გაცემის გარდა, ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელიც სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე დაისვა, საბაჟო პუნქტების გახსნის საკითხი იყო, რაშიც მოადგილის თქმით, ქართული მხარის პოზიციას არაერთი მხარდამჭერი ჰყავს.
“გამოსვლაში მკაფიო გზავნილები იყო, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და არ შეიძლება, ე.წ. საბაჟო პუნქტების არსებობა. ამაზე მქონდა სერიოზული მხარდაჭერა. დელეგაციის უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი და მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს”, – განმარტა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ევროპის საბჭო ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს მცდელობებს პოზიტიურად აფასებს.