დავით ზალკალიანი - ეკონომიკურ განზომილებაში გერმანიასთან ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს
გერმანიასთან ეკონომიკურ განზომილებაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, წელს ხელი მოეწერა გერმანიის „დოიჩე ბანსა“ და „საქართველოს რკინიგზას“ შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
„ეს შეთანხმება მომავალში განვითარდება, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი ჰაბი რეგიონში, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან და გერმანიას სურს ამ პოტენციალის გამოყენება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, 150 მილიონი ევრო გამოიყოფა საქართველოში გაზსაცავის მშენებლობისთვის, რაც გააძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და მდგრადობას ამ მიმართულებით.
„ასევე გამოიყოფა დამატებით კიდევ 40 მილიონი ევრო, რომელიც საქართველოს რეგიონების განვითარებას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ანგელა მერკელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მცირე და საშუალო ზომის გერმანული კომპანიები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში, მათი მხრიდან დაინტერესება დიდია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, ხვალ გაიმართება ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მსხვილი გერმანული კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთან ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროებს შორის მომავალშიც გაგრძელდება ყოველწლიური შეხვედრები, რომლებიც გამოკვეთს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, სადაც გასავითარებელია პროგრესი, რაც ხელს ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულებას.
„განსაკუთრებით იყო აღნიშნული ვიზალიბერალიზაცია და ის მიღწევა, რომელიც ქვეყანას აქვს და აღინიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი და ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას ევროკავშირში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა. გერმანიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. დღესვე, ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, ასევე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.