დავით ზალკალიანი - ძლიერი საქართველო ყველა ჩვენი მეზობლის ინტერესში უნდა იყოს
ძლიერი საქართველო ყველა ჩვენი მეზობლის ინტერესში უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება“.
„ჩვენთვის მსგავსი განცხადება ახალი არ არის. საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დინამიკასთან მიმართებაში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთი სახის განცხადებები კეთდება. ჩვენ იმ კურსს ვაგრძელებთ, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული და ხალხის არჩევანია. სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ის ნაბიჯები, რომელიც შეჯერებულია და რაც ნატო-ს სამიტის ბოლო გადაწყვეტილებებში აისახა ჩვენი ნაბიჯები მომავალშიც ამ მიმართულებით გაგრძელებული იქნება.
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დემოკრატიულ სფეროში რეფორმებს და საერთოდ ქვეყნის გაძლიერებას. ვფიქრობ, რომ ძლიერი საქართველო, ქვეყანა რომელსაც თანმიმდევრული პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ აქვს ყველა ჩვენი მეზობლის ინტერესში უნდა იყოს“, – განაცხადა ზალკალიანმა.