დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, თავისი ძალისხმევით ზურაბ პოლოლიკაშვილი შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებულთა გაძლიერებას
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, თავისი ძალისხმევით ზურაბ პოლოლიკაშვილი შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებულთა გაძლიერებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის მიერ, მისი გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევას.

დარწმუნებული ვარ, თავისი შრომითა და ძალისხმევით, ის შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე და იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი შედეგი ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ იქნება დადასტურებული.

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დღეს მეორე ვადით აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მადრიდში, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე მიიღეს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, ასევე თავად ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ახლად არჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.