დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს სტრატეგიულ პარტნიორობას
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა კელი დეგნანს საქართველოში ელჩად დანიშნა მიულოცა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.
„მივესალმებით და ვულოცავთ ამერიკის ელჩს დანიშვნას. მოუთმენლად ველით დღეს, როდესაც მისგან მივიღებთ რწმუნებათა სიგელებს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, ელჩის დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა დღეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც განსაზღვრულია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფორმატით – თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით, თანამშრომლობისა და დემოკრატიული ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ასევე ხალხთაშორის ურთიერთობების მხრივ. ეს არის ის მთავარი, პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კელი დეგნანის მიერ ფიცის დადების დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია აშშ-ს ელჩის განცხადებები საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით.
„ის განცხადებები, რომელიც გააკეთა აშშ-ს ახლად დანიშნულმა ელჩმა ფიცის დადების ცერემონიაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მისთვისაც ეს ძირითადი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული საქმიანობაში. მნიშვნელოვანია და მივესალმებით აშშ-ს ელჩის განცხადებებს საქართველოს პროგრესზე, რომელიც განხორციელდა ქვეყნის დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, ასევე ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე თანამშრომლობის მხრივ, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა აშშ-ის ახალ ელჩთანაც იქნება ძალიან ნაყოფიერი და კიდევ უფრო გააძლიერებს და თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
კელი დეგნანის ფიცის დადების სიტყვა საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.