დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საშუალოვადიან, არც გრძელვადიან პერსპექტივაში  ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საფუძველი აღარ იარსებებს
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საშუალოვადიან, არც გრძელვადიან პერსპექტივაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საფუძველი აღარ იარსებებს

სავიზო ლიბერალიზაცია არის ევროკავშირის მხრიდან არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, ის არის ის სიკეთე, რომლითაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე სარგებლობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან.

ზალკალიანი ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით მზარდმა დინამიკამ განაპირობა კანონმდებლობაში შესწორება.

„სავიზო ლიბერალიზაცია არის ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ისევე როგორც ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. სავიზო ლიბერალიზაცია არის ევროკავშირის მხრიდან არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი და ის არის ის სიკეთე, რომლითაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე სარგებლობს და უკვე ისარგებლა. ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ თავისუფალი მიმოსვლის მნიშვნელობა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მზარდი დინამიკა თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით, სწორედ ამან განაპირობა ეს გადაწყვეტილება, შესწორება, რომელიც მიღებული იქნა ჩვენს კანონმდებლობაში ძალიან მჭიდრო კოორდინაციით და კომუნიკაციით ჩვენს პარტნიორებთან, მათ ექსპერტებთან ერთად, რადგანაც აქ მნიშვნელოვანი იყო სწორი ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრის განმტკიცებას შორის.

აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ ზარალდება ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მათ, ვინც უკვე ისარგებლეს და  ვინც მომავალში ისარგებლებს ამ სიკეთით, არანაირი საფრთხე არ შეექმნათ. ეს გაკეთედა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, რათა მათ არანაირი დისკომფორტი არ შეექმნათ, რადგანაც ევროკავშირიდან უკან გამობრუნებულმა მოქალაქეებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, იგივე დასაბრუნებელი ბილეთების აღების კუთხით. ამიტომ მათ ექმნებოდათ დამატებითი პრობლემები და სირთულეები. ამ ცვლილებით მათ ეს სირთულეები, ბუნებრივია, შეუმსუბუქდებათ. ეს არის ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, არც საშუალოვადიან, არც გრძელვადიან პერსპექტივაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფუძველი აღარ იარსებებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შსს-ს ექნება უფლება, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პირი ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში არ გაუშვას.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, დამატებით განისაზღვრება შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე. კერძოდ, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია – ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ სამი თვეა.

ასევე, უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი. ასევე, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან ექვს წლამდე.

საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან ექვს წლამდე.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ ზემოაღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; ყალბი საბუთების გამოყენებით, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – ხუთიდან რვა წლამდე. ინიციატივის გათვალისწინებით, თუ მითითებული ქმედება ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ეს გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – შვიდიდან ათ წლამდე.