დავით ზალკალიანი - ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მთლიანად გადასულია საგანგებო მუშაობის რეჟიმზე
ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მთლიანად გადასულია საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, ყველა ელჩსა და საკონსულოს დავალებული აქვს, აქტიურ კომუნიკაციაში იყოს ჩვენს მოქალაქეებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრმა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოწუოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ ქართული ავიაკომპანიებით.
„ხდება ყველა ჩვენი მოქალაქის აღრიცხვა, ვინ სად იმყოფება, განსაკუთრებით სტუდენტებს ეხება ეს. ჩვენი რეკომენდაციაა ამ მომენტისთვის, რომ აქტიურად ქართული ავიაკომპანიის მომსახურება გამოიყენონ, ჩვენი ქართული ავიაკომპანია დაფრინავს სხვადასხვა მიმართულებებზე, ეს მიმართულებები არის – ამსტერდამი, პარიზი, ვენა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვისაც პრობლემები შეექმნა, ამ მიმართულებებზე გადავამისამართოთ.
მოგეხსენებათ თქვენ, რომ უკვე ლოტზე, რომელიც წყვეტს საქართველოში ფრენებს, რეისი, რომელიც ცარიელი მოფრინავდა ვარშავიდან, პოლონელი მოქალაქეების გასაყვანად, მათთან აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით და წამოიყვანეს ჩვენი მოქალაქეები. კიდევ ერთი რეისი განხორციელდება 17 მარტს ვარშავიდან, პოლონეთის ავიახაზებზე არის საუბარი. ვმუშაობთ, ამავე რეისზე მოხდეს ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართული ავაიკომპანია, რომელიც დაფრინავს, იყოს დატვირთული. მოგეხსენებათ, სიტუაცია ძალიან მძიმეა ყველა ქვეყანაში. ყოველ წუთში ახალ-ახალი ინფორმაცია მოდის ფრენების შეზღუდვებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვეხმარებით, რომ შესაძლებელი გახდეს, იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით არიან ჩვენი მოქალაქეები. შესაბამისად, მაქსიმალურად ვემსახურებით ჩვენს ავიაკომპანიას, რომ ახალი მიმართულებები გაჩნდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.