დავით ზალკალიანი - ჩვენი ამბიციაა, საქართველო იყოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებული მაგალითი რეგიონში და რეგიონს მიღმა
გადამწყვეტი და დასაფასებელია გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ჰაიკო მაასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიას გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
„გერმანიას ათწლეულებია წვლილი შეაქვს საქართველოს სახელმწიფოებრივ ტრანსფორმაციაში, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე, თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპულ ოჯახთან. გადამწყვეტი და დასაფასებელია გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ეს ქართველი ერის ისტორიული არჩევანი და ევროპული ცივილიზაციისადმი მისი გენეტიკური და მენტალური კუთვნილების შედეგია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და გერმანიას აერთიანებს საერთო ინტერესი და მისწრაფება, მაქსიმალურად განავითარონ დღეს არსებული ურთიერთობები.
„ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთობების ისეთ დონეს, როდესაც შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლაზე. ამ კონტექსტში მივესალმებით ფედერალური მინისტრის ახლახან გაჟღერებული ინიციატივას, რომ ევროპამ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას აღმოსავლეთ სამეზობლოს იმ ქვეყნების მიმართ, მათ შორის საქართველოს მიმართ, რომლებიც, დავიმოწმებ მინისტრის სიტყვებს, ევროპულად აზროვნებენ და გრძნობენ. ეს სიტყვები საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის მკაფიო და თვალსაჩინო აღიარებაა. ამას უაღრესად ვაფასებთ და აძლიერებს ჩვენს მოტივაციას, რომ გავაკეთოთ მეტი ევროპაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და ამას ცხადყოფს დემოკრატიული ტრანსფორმირებისა და საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში უკვე მიღწეული ხელშესახები შედეგები. ჩვენი ამბიციაა, საქართველო იყოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებული მაგალითი რეგიონში და რეგიონს მიღმა. უკვე დაწყებული გვაქვს ახალ ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. გერმანელი პარტნიორების და მათი აქტიური ჩართულობის იმედი გვაქვს“, – დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკეთესი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა.