დავით ზალკალიანი - ჩვენ რომ პარტნიორების გვერდით ვდგავართ, ამაზე მიანიშნებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებული კლიპი, რომელშიც ჩემი გამონათქვამები მოყვანილია პარტნიორების ფრაზებთან ერთად
დავით ზალკალიანი - ჩვენ რომ პარტნიორების გვერდით ვდგავართ, ამაზე მიანიშნებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებული კლიპი, რომელშიც ჩემი გამონათქვამები მოყვანილია პარტნიორების ფრაზებთან ერთად

ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ბუნებრივად უნდა იდგეს საქართველო, ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუნხენში უკრაინელ კოლეგასთან ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

„ბუნებრივია, ვისაუბრეთ დღეს შექმნილ უმძიმეს, ურთულეს სიტუაციაზე უკრაინის გარშემო. მე კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობის, ქართველ ხალხის სახელით, დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა, რომ ამ მძიმე პერიოდში, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, რომ სიტუაციის ყველაზე უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ამას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. ჩემი უკრაინელი კოლეგისთვის, ბუნებრივია, საინტერესო იყო ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვქონდა რუსული აგრესიისა და ოკუპაციის შემდეგ რამდენიმე წლის წინ და აუცილებლად ვისაუბრეთ იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ, რომ არ დაუშვას იმის გამეორება, რაც იყო საქართველოში. აქ მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, მათ მართებთ განსაკუთრებული ყურადღება და საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების გათვალისწინება. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ ეს საერთაშორისო მხარდაჭერა არის ძალიან მყარი და ძალიან მკაფიო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების გვერდით დგას და უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობაზე ოპონენტების კრიტიკა მხოლოდ სპეკულაციაა.

„ჩვენ ვდგავართ საერთაშორისო პარტნიორების გვერდით. მე მინდა, გამოვეხმაურო იმ სპეკულაციებს, რომლებიც მოვისმინეთ, თითქოს რაღაცნაირად არ არის ეს მხარდაჭერა. ეს რომ მხოლოდ სპეკულაციებია ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ამაზე მეტყველებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეხვედრის დროს მადლობა გადამიხადა, საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა, ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. შემდგომ მისი ეს პოზიცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ​განცხადებაში იყო ძალიან მკაფიოდ ასახული. ჩვენ რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების გვერდით ვდგავართ, მიანიშნებს სწორედ დღეს გამოქვეყნებული ერთგვარი შემაჯამებელი კლიპი, რომელიც წარმოადგინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ჩემი გამონათქვამები მოყვანილია მთლიანად საერთაშორისო პარტნიორების ფრაზებთან ერთად, იმ მხარდაჭერილ პოზიციონირებასთან ერთად, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში იყო გამოხატული ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ბუნებრივად უნდა იდგეს საქართველო და ჩვენ ვართ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების გვერდით“, – დასძინა დავით ზალკალიანმა.