საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომას პეტრიჩეკს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ ბრწყინვალე პოლიტიკურ ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის, რასაც პოლიტიკურის გარდა გააჩნია პრაქტიკული განზომილებაც ჩეხეთის დახმარების პროგრამის სახით.
„აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნის აუცილებლობაც, როგორც ფორმატის ფარგლებში მიღწეული შედეგების, ასევე სამომავლო გეგმების დასახვის თვალსაზრისით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩეხი კოლეგა მიიწვია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება.
მინისტრმა ჩეხ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტებისა და აქტიური კონტაქტების მნიშვნელობას ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.