დავით ზალკალიანი - ასოცირების შეთანხების შესრულების ანგარიშში კონკრეტული გვარები არ არის, წერტილი უნდა დავუსვათ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელსაც ოპონენტები მიმართავენ
დავით ზალკალიანი - ასოცირების შეთანხების შესრულების ანგარიშში კონკრეტული გვარები არ არის, წერტილი უნდა დავუსვათ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელსაც ოპონენტები მიმართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში თანამომხსენებელ ესტონელ დეპუტატ, სვენ მიქსერს შეხვდა, რომელიც ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის ავტორია.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დეპუტატი მიქსერი საქართველოს მხარდამჭერია და მისი პოზიციები სრულ თანხვედრაში ქართული მხარის პოზიციებთან.

„ბატონ მიქსერთან მქონდა უაღრესად შინაარსიანი, საგნობრივი საუბარი მისი ანგარიშის გარშემო და ასევე იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ასევე ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით, იგივე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხობა იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც განვიხილეთ. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი მიქსერი გახლავთ საქართველოს მხარდამჭერი და მისი პოზიციები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს პოზიციებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ასოცირების ანგარიშის თანახმად, პოზიტიური შეფასებები მიეცა საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელებულ პოლიტიკურ პროცესს.

„ანგარიშშიც არის ზუსტად ის სულისკვეთება გადმოცემული, რაც მან დღეს ჩემთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში, მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, უაღრესად პოზიტიური შეფასებები იქნა მიცემული იმ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც განხორციელდა ქვეყანაში, საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით და ასევე ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით. ეს კიდევ უფრო ზრდის და ამტკიცებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და აძლევს რწმენას ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულ თანხვედრაში ეუთო-ს პრინციპებთან.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ანგარიშის შესახებ და არანაირი კონკრეტული გვარები იმ ანგარიშში არ არის, მან ჩემთან საუბარში ეს არაერთხელ დაადასტურა და კიდევ ერთხელ წერტილი უნდა დავუსვათ იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელსაც ოპონენტები ხშირად მიმართავენ. ეს არის მათი მხრიდან უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაც მათ არაერთხელ გაუკეთებიათ – სასურველის რეალურად წარმოჩენის მცდელობა.  საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იქ არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი, რაც არის დაკავშირებული ამ პოლიტიკურ პროცესთან და ყოველგვარ პოლიტიკურ ინსინუაციებსა და მანიპულაციებს, არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა ზალკალიანმა.