დავით ზალკალიანი - ასოცირების საბჭოს საბოლოო დეკლარაციაში საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და არჩევანის ასახვა ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგია
ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგად მიღებული ერთობლივი დეკლარაცია არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მაღალ დონეზეა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგად მიღებული ერთობლივი დეკლარაცია, არის დიდი მნიშვნელობის დოკუმენტი.
„ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტი, მე არ მახსენდება. ასოცირების საბჭოს ძალიან სერიოზული დოკუმენტია. ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგად მიღებული ერთობლივი დეკლარაცია, არის ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტი. მე თვალი გადავავლე ასოცირების საბჭოს შეხვედრებს და მსგავსი გამორჩეული დოკუმენტი ფაქტობრივად არ შემხვედრია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მაღალ დონეზე არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა. მართლაც, დოკუმენტი არის ყოვლისმომცველი და არის უაღრესად პოზიტიური შეფასებები ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ყველა ძირითად მიმართულებაზე და ეს არის შედეგი იმ საგნობრივი და შინაარსიანი დისკუსიის, რომელიც დღეს გაიმართა ასოცირების საბჭოს ფარგლებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ძალიან მისასალმებელია, რომ დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ, ხაზგასმით არის დაფიქსირებული საქართველოს ევროპული მისწრაფება და საქართველოს ევროპული არჩევანი.
„ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვცდილობთ, რომ იყოს ევროკავშირის მიერ მიღებულ ყველა დოკუმენტში და ასოცირების საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო დეკლარაციაში ამის ასახვა ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგია. ისევე, როგორც აღნიშვნა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და განსაკუთრებით არის გამოყოფილი მისი როლი როგორც რეგიონში, ისე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და ასევე ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ძალიან მაღალი შეფასება აქვს ასევე მიცემული საქართველოს მხრიდან თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის იმპლემენტაციას, ისევე როგორც მთლიანად, ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას. უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაღალი შეფასება მიეცა უსაფრთხოების დიალოგს და კერძოდ, უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირის ჩართულობას საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის, ოკუპაციისა და იმ ოკუპაციიდან გამომდინარე, საფრთხეების განეიტრალების თვალსაზრისით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, დოკუმენტში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ასევე რუსეთისადმი მოწოდება, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
„კიდევ ერთხელ არის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მოწოდება რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან აუცილებლად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დოკუმენტში ასევე საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის ე.წ. სიაზე და მიუღებლობაზე იმ უკანონო ქმედებებისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არაღიარების პოლიტიკა, რომელიც განმსაზღვრელია და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმ როლისა, რა როლსაც ასრულებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირი, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, დეკლარაციაში ძალიან პოზიტიური შეფასება აქვს მიცემული ასევე საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებს.
„ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, სადაც დაცული იყო ყველა თავისუფლება, დაკავშირებული ამ არჩევნებთან. კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას, რომელიც გვჭირდება, რომ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელიც გარედან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, საუბარი იყო შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და ეს აისახა კიდეც დეკლარაციაში, სადაც არის მოწოდება, რომ ყველა მხარე, ვინც არის ჩართული ამ პოლიტიკურ პროცესში, იყოს მოწოდებული იმისკენ, რომ გამოიძებნოს კონსენსუსი, რადგან ქვეყანას როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა კონსოლიდაცია გარე საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით. ამ პროცესში, ჩვენ ევროკავშირი გვჭირდება როგორც პარტნიორი, როგორც მხარდამჭერი და ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აუცილებელია მოიძებნოს ამ სიტუაციიდან გამოსავლის გზები და ყველა მივიდეთ კონსენსუსამდე, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარება“, – განაცხადა ზალკალიანმა.