დავით ზალკალიანი - აშშ-ისგან მიღებული გზავნილები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა
გზავნილები, რომლებიც მივიღეთ აშშ-ისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ მხარდაჭერისა და იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული ვიზიტია. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. გზავნილები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ აშშ-ისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა.
ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ მხარდაჭერისა და კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღევანდელი უსაფრთხოების გარემო, თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს აშშ-თან, დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დინამიზმით იქნება გამორჩეული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
როგორც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, საქართველო შეძლებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. მისივე თქმით, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.