დავით ზალკალიანი - აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას
უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტში საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა 2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტთან (NDAA) დაკავშირებით.
ამასთან, მინისტრის თქმით, დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, არაღიარების პოლიტიკა.
„მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის აგრესიის შეკავება-შეჩერების თვალსაზრისით უნდა გაიზარდოს საქართველოს მდგრადობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი ადასტურებს ჩვენს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან და თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსთან, სხვა ნატო-ელ პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ამ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა თავდაცვის მდივანთან კოორდინაცით, კანონპროექტის მიღებიდან 180 დღის შემდეგ უნდა წარადგინოს ანგარიში, სადაც იქნება საუბარი იმაზე, რა სახის ეკონომიკურ დახმარებას უწევს აშშ საქართველოს და ნატო-ს სხვა პარტნიორ ქვეყნებს. ამავე ანგარიშში უნდა იყოს ასახული საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარე ძალების მიერ მოკლულ პირთა რაოდენობის შესახებ. კანონპროექტის მიღებიდან 180 დღის განმავლობაში უნდა იყოს ასევე წარდგენილი ანგარიში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის მხრივ გადადგმული ნაბიჯების შესახებ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი სენატშიც წარმატებით გაივლის შესაბამის პროცედურებს.
„ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და მთლიანად აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ მაღალ ნიშნულზეა, როგორც არასდროს. მინდა, ასევ გამოვთქვა იმედი, რომ როდესაც კანონპროექტი სენატში გადაინაცვლებს, იქაც ისეთივე წარმატებით გაივლის პროცედურებს და მიღებული იქნება, რათა საბოლოოდ იქცეს კანონად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, კანონპროექტში არანაირ წინაპირობაზე არ არის საუბარი.
„არანაირი წინაპირობაზე იქ საუბარი არ არის. ჩვენ რაღაც სპეკულაციები გვესმის, რომ ეს ბმაშია რამე სახის ფინანსურ დახმარებასთან. მსგავსი ჩანაწერი იქ არ არსებობს და კანონპროექტი ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზეა, როგორიც არის ნატო-სთან თავსებადობა, ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე მუდმივი ინფორმირებულობა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი კანონპროექტია საქართველოსთვის“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს 2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი (NDAA) დაამტკიცა, რომელშიც აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა (SEC. 1244. SENSE OF CONGRESS ON SUPPORT FOR GEORGIA). საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში. სამინიტროს ცნობით, როგორც ევროპული უსაფრთხოების ნაწილი, საქართველო მოაზრებულია, როგორც აშშ-ის ფასეული პარტნიორი.