დავით ზალკალიანი - ქვეყანა თუ გვიყვარს, ვიწროპარტიული ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ
ჩვენთვის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის შიგნით კრიზისის დაძლევას და გამოსავლის გზების ძიებას უკავშირდება. მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე.
„ამიტომაც, მაქსიმალური ძალისხმევა იყო გაწეული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, სპეციალური კონსილიუმი შეიქმნა, რომ მათ შორის, მისი პირადი ექიმები ყოფილიყვნენ ჩართული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოფილიყო დაცული და არ მივსულიყავით რაღაც გაუთვალისწინებელ შედეგამდე. სწორედ ამ კონტექსტში ვუყურებ პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს – ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს ქვეყანა დეპოლარიზაციისკენ, დეესკალაციისკენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, თუ ქვეყანა გვიყვარს, ვიწროპარტიული ინტერესები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს. ზალკალიანის განცხადებით, „წარმოუდგენელია, ანტიდასავლურია, ანტიდემოკრატიულია ყველაფერი ის, რაც ხდება“.
„როგორ შეიძლება, ამდენი ხანი, წელიწადნახევარი ვიყოთ დისკუსიაში პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან, ბოიკოტთან, არჩევნების შედეგების მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით. თუ ქვეყანა გვიყვარს, ვიწროპარტიული ინტერესები ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ. მე რომ მეუბნებით, დასავლეთის კურსს გადაუხვიეთო, ის ხელოვნური კრიზისი, რა კრიზისშიც ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ოპონენტების გამო შევიდა, ეს ანტიდასავლური არ იყო? – ასე ყოფნა არ შეიძლება, წარმოუდგენელია, ანტიდასავლურია, ანტიდემოკრატიულია ყველაფერი ის, რაც ხდება. ხელისუფლებამ თანმიმდევრულად ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას პრობლემა არ შექმნოდა და მათ შორის მე-18 დაწესებულებაში ყველა რესურსი იქნება მობილიზებული, რომ მას ყველა სახის პირველადი დახმარება გასწეოდა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიესალმებიან სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.