აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიესალმებიან სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად, ასევე, მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოპყრობას პირველი ოქტომბრიდან, რაც ის დააკავეს. გვინდა, შევაქოთ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაწეული საზედამხედველო სამუშაო, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის ჩამოყალიბებას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობის შეფასებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე, მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სააკაშვილის სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს, რათა სააკაშვილმა შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო განხილვებს, თუ ის ამას მოითხოვს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.