დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის შესახებ წინასწარ არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის შესახებ წინასწარ არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ, რადგანაც ის ჩვეულებრივი მოქალაქეა და არა რომელიმე დელეგაციის წევრი.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი შეტყობინება არ მიუღია, არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს. ჯერ ერთი, რატომ უნდა ყოფილიყო, გორდონი ჩვეულებრივი მოქალაქეა. როცა დელეგაცია მოდის, მაშინ ვიღებთ ხოლმე. მსგავსი არანაირი ინფორმაცია ან დოკუმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ყოფილა, ამიტომ არ ვიცი“, – განაცხადა თემის კომენტირებისას დავით ზალკალიანმა.
უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა და აეროპორტიდან უკან გააბრუნა. ამის შესახებ დიმიტრი გორდონი „ტელეგრამში“ წერს. „მიზეზი არ უთქვამთ. ცალსახად ვუკავშირებ ამას იმ ფაქტს, რომ მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, მოეხდინათ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ვიზიტის ორგანიზება. ყველაფერი, რაც მოხდა, ეს არის საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი“, – წერს დიმიტრი გორდონი.