დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებაში საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყების წარმომადგენელი იყო ჩართული
როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იყო საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყების წარმომადგენელი, პირველ რიგში ეპიდემიოლოგები, ის ადამიანები, ვინც ზუსტ შეფასებას გვაძლევენ და მათი რეკომენდაციები ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ კითხვას, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთისთვის საზღვრების გახსნას ეხებოდა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საზღვრების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო 100 ათას მოსახლეზე დაინფიცირების რაოდენობა.
„ყოველდღიურად სიტუაცია იცვლება, რადგან ისეთ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რომლის წინასწარ განჭვრეტა – რა იქნება ხვალ, რა იქნება ორი დღის შემდეგ, ძალიან რთულია. ამავე დროს ვამბობთ, რომ კოვიდთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ჩვენი ქვეყანაც უნდა იყოს ადაპტირებული იმ ახალ რეალობებთან, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის საბჭომ მიიღო, ეს არის არასავალდებულო და სარეკომენდაციო ხასიათის. დღევანდელი ეს მოცემულობა არ ნიშნავს, რომ ხვალ თუ სიტუაცია შეიცვალა, ჩვენ გავხდებით მიღებული გადაწყვეტილების მძევალი. ევროკავშირის რეკომენდაციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ყოველ ორ კვირში ერთხელ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მესამე ქვეყნებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადახედავენ სიტუაციას. თუკი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დამძიმდა სიტუაცია, შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში თუკი სიტუაცია გაუმჯობესდა, არ არის გამორიცხული, ეს სია კიდევ უფრო გაფართოვდეს. ძალიან დინამიკურად, სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ და ჩვენი ქმედება განპირობებულია მოქალაქეების ჯანმრთელობის ზრუნვაზე. არამხოლოდ ჩვენ მოქალაქეებზე ვზრუნავთ, არამედ ვზრუნავთ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე, ვინც საქართველოში შემოვა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.