დავით უსუფაშვილი - „შენების მოძრაობის“ სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს ძალადობისა და სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის ყველა მსხვერპლს
„შენების მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიის მხარდაჭერა აქვს ზაზა სარალიძის მოთხოვნას, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის გამოვლენისა და სამართლიანი სასამართლოს მიერ დასჯის თაობაზე, მიუხედავად იმისა, აქციაზე რა ფორმით და რა საკითხებთან ერთად იქნება ეს მოთხოვნა დასმული.
ამასთან, „შენების მოძრაობის“ სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს ძალადობისა და სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის ყველა მსხვერპლს, მიუხედავად ძალადობის ჩადენის წლებისა, მოძალადეთა და მათ მფარველთა ვინაობისა.
„მხარდაჭერა აქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიური სამოქალაქო ცხოვრების ასპარეზზე ესოდენ მნიშვნელოვანი ღირებულებების დასაცავად გამოდიან.
„შენების მოძრაობის“ მხარდაჭერა არ აქვს:
ოცნების ხელისუფლებას, რომელმაც 2014 წლიდან მოყოლებული, უარი თქვა ძირითად დაპირებებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დანატოვარი სისტემის შენარჩუნებით ცდილობს მმართველობას და ქვეყანა პოლიტიკურ-ინსტიტუციური კრიზისში შეიყვანა.
მანკიერი საძალაუფლებო სისტემის შემქმნელ და ნებისმიერ ფასად რევანშის აღების სურვილით შეპყრობილ ყოფილ პრეზიდენტს და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებს.
სხვადასხვა აქციებისა და კონტრაქციების იმნაქტივისტებს, ვინც თავად სჩადიან იმას, რასაც ვითომ გმობენ – საზოგადოებას ყოფენ მტრევად და მამულიშვილებად, ამკვიდრებენ სიძულვილს და შეუწყნარებლობას.
„შენების მოძრაობა“ მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადაა ყველასთან, ვინც აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში აღარ გავიმეოროთ ბოლო 30 წლის მანძილზე დაშვებული შეცდომები და თავისუფალმა წარამტებულმა საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ თანამეგობრობაში.
ვინც 2003 წლის ცვლილების იდეალებისადმი ერთგულების გამო გაემიჯნა პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ლიდერებმა ამ იდეალების საწინააღმდეგოდ აამოქმედეს.
ვინც 2012 წლის ცვლილებების იდეალებისადმი ერთგულების გამო გაემიჯნა ან ემიჯნება პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ლიდერებმა ამ იდეალების საწინააღმდეგოდ აამოქმედეს.
„შენების მოძრაობა“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ხელს შეუწყობს:
მთავარ პროკურორად ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე პრინციპულ პროფესიონალის დანიშვნას, რომელიც უახლოეს მომავალში ნათელს მოჰფენს ჩადენილ დანაშაულებებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახლა დაკომპლექტებას უმწიკვლო რეპუტაციის მქონე პირებით, რათა გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემისადმი უკიდურესად შემცირებული ნდობა.
პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებს, რათა შემდეგი მორიგი თუ რიგგარეშე არჩევნების შედეგად მივიღოთ ხალხის ნებჯს ადეკვატურად ამსახველი დაბალანსებული პარლამენტი, რომელიც სისტემურ ცვლილებებს დაუდებს სათავეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.