დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინ შეუშალა ხელი ნარკორეგულაციებზე ჩანაწერის გაკეთებაში
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების სურვილი ჰქონდა, შეეძლო ეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაეკეთებინა, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთების ინიციატივა პოპულიზმს უკავშირდება.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინ შეუშალა ხელი ამ ტიპის საკითხების იქ ჩაწერაში. ახლა ყველა პოპულიზმით არის დაკავებული, ახლა რომ ითხოვენ რაღაცების იქ ჩაწერას, ეს არ არის სწორი პოლიტიკა. მარიხუანას კულტივაცია და მარიახუანათი ეკონომიკის აღორძინება ეს არის უგუნურობის მწვერვალი. „ქართული ოცნების“ მთავრობამ არ ვიცი საიდან მოიტანა ასეთი სისულელე და ახლა ამაზეა ერთი ჟივილ-ხივილი. სრულიად ცალსახაა, ამაზე უდიდესი შეცდომაა დაშვებული. მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის ნაცვლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და მისი რეგულაციების დადგენის ნაცვლად, მთავრობამ გაუტია სადღაც სრულიად სხვაგან და ამითი გამოიწვია ეს აურზაური“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ჩანაწერისთვის ცხრა წელი ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ კი ორი.
„კონსტიტუციაში თუ ვინმეს რამის ჩაწერა შეეძლო, ცხრა წლის განმავლობაში ერთს ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ორი წელია მეორეს აქვს. კონსტიტუციაში ჩაწერა კი არაა საჭირო რაღაცების, არ უნდა გააკეთო დამატებითი სისულელეები“, – დასძინა დავით უსუფაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ითხოვს, რომ ქვეყანაში მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივირება კონსტიტუციით აიკრძალოს.